კალათბურთი | ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონი მეთხუთმეტე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა B დივიზიონში გამოსვლა მეთხუთმეტე ადგილზე დაასრულა.
მე-15 ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი დანიას დაუპირისპირდა და 83:76 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ბომბარდირები ამირან აროშიძე და ნიკოლოზ აბულაძე გახდნენ, რომლებმაც 16-16 ქულა ჩააგდეს. ამირანს 12 მოხსნაც ჰქონდა, ნიკოლოზს – 12 პასი.
საინტერესოა, რომ ეს გახლდათ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მეორე მოგება აწ უკვე დასრულებულ ტურნირზე. ჯგუფურ ეტაპზე ქართველები დამარცხდნენ შვეიცარიასთან (70:83), უკრაინასთან (64:77), ლუქსემბურგთან (61:77), მოიგეს – ესტონეთთან (92:81) და ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.
შემდეგ იყო საკლასიფიკაციო მატჩები ჩრდილოეთ მაკედონიასთან (62:97) და კვიპროსთან (54:78), რის შემდეგაც გაირკვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეთხუთმეტე ადგილისთვის დანიას დაუპირისპირდებოდა. ამ შეხვედრის შედეგი ზემოთ მოგახსენეთ.