„ა“ ლიგა შეივსო. ტურნირის ბოლო მონაწილე საკალათბურთო გუნდი „ვინგსი“ გახდა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში 92:79 დაამარცხა „სოხუმი-საქართველო“ და „ა“ ლიგის საგზური მიიღო.
ეს გახლდათ საკვალიფიკაციო, ორმატჩიანი რაუნდი, რომელშიც ერთის მხრივ გასული სეზონის „ა“ ლიგის მეხუთეადგილოსანი „სოხუმი-საქართველო“ და მეორეს მხრივ ახალშექმნილი კლუბი „ვინგსი“ თამაშობდნენ.
„ვინგსმა“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში „ბლექ ფორტრესთან“ წააგო, თუმცა დებულების თანახმად „ა“ ლიგის ბოლო საგზურისთვის ბრძოლის უფლება მიეცა ორმატჩიან რაუნდში, სადაც წინა სეზონში „ა“ ლიგის მეხუთეადგილოსან „სოხუმი-საქართველოს“ შეხვდა.
პირველი შეხვედრა 23 დეკემბერს „სოხუმი-საქართველომ“ 77:72 მოიგო, თუმცა მეორე შეხვედრაში „ვინგსმა“ იმარჯვა, 13 ქულის სხვაობით მოიგო და ორმაჩიანი დაპირისპირება სათავისოდ დაასრულა. გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომლის დაწყებამდე „სოხუმი-საქართველო“ 1 ქულით იგებდა. მესამე პერიოდი „ვინგსმა“ 33:20 მოიგო, მოპოვებული უპირატესობა დასკვნით პერიოდშიც შეინარჩუნა და საწადელს მიაღწია.
სიმბოლურია, რომ „ვინგსს“ ამ კლუბის აღზრდილმა ირაკლი ახალაიამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა. 15 ქულით და 19 მოხსნით გამოირჩა ჯაჯა დევისი, 20 ქულა ჯერემია დევისის ანგარიშზე იყო.
„ა“ ლიგის ექვსი გუნდი: ამრა (ახალციხე), გრიფინი (კასპი), ბურჯი (თელავი), თავისუფალი უნივერსიტეტი, ბლექ ფორტრესი და ვინგსი. ტურნირი იანვარში დაიწყება.