კალათბურთი | 20-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე ალბანეთი იყო, რომელიც ქართველებმა 97:71 დაამარცხეს.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე პერიოდში მოიპოვა უპირატესობა, მესამეში კი თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ეს ათწუთეული ქართველებმა 31:8 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 14 ქულა ბაქარ ბერეკაშვილმა ჩააგდო, 13 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, 11-11 ქულა ანრი ბელთაძემ და გეგა წულაიამ ჩააგდეს, 10 ქულა – გიორგი სულაბერიძემ.

შგახსენებთ, რომ B დივიზიონის მატჩებს რუმინეთის ქალაქი პიტეშტი მასპინძლობს. ევროპის 22 ქვეყნის ნაკრები A დივიზიონის 3 საგზურისთვის იბრძვის, რომლებსაც, ცხადია, ტურნირის 3 პრიზიორი მიიღებს. უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის საქართველოს ნაკრები, რომელსაც კოტე ტუღუში და მისი ასისტენტები – დავით და ალექსანდრე ნოზაძეები წვრთნიან.

B დივიზიონში მოასპარეზე 22 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული, რომლებიდანაც ერთი წრის შემდეგ მეოთხედფინალში 2-2 საუკეთესო გავა. ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები 9-22 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო 8 საუკეთესო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის განაგრძობს.

საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქე რუმინეთია (13 ივლისი, 19:00), შემდეგ – ბულგარეთი (14 ივლისი, 16:30) და დასვენების შემდეგ, ბოლო ტურში, ჩვენი გუნდი ესტონეთს (16 ივლისი, 16:30) დაუპირისპირდება.