კახა კალაძე - ოპტიმიზაცია და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მერიაში აუცილებლად იქნება
კახა კალაძე - ოპტიმიზაცია და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მერიაში აუცილებლად იქნება

ოპტიმიზაცია და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მერიაში აუცილებლად იქნება, მაგრამ მას აქვს თავისი წესი, არსებობს კანონი, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ვიმოქმედებ კანონის ფარგლებში, – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას გააკეთა.

,,მე ვერ მოვიქცევი ისე, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა” იქცეოდა, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში. ერთი ხელის მოსმით ყველა გაყარეს სამსახურებიდან, არავის უკითხავს, თუ ვის რა შესაძლებლობა ჰქონდა. შესაბამისად, რეორგანიზაცია ჩვენი მხრიდან არის გამოცხადებული, ამას აქვს თავისი ვადები. 3 თვის ვადაში აუცილებლად მოხდება თვითონ სტრუქტურის რეფორმა, აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია, ყველა განათლებულ, პროფესიონალ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად იმუშაოს.

რაც შეეხება ხელშეკრულებებს, რა თქმა უნდა მე, ერთი ადამიანი ვერ განვახორციელებ იმ პროექტებს და ვერ შევასრულებ იმ დაპირებებს, რომელიც იყო გაჟღერებული წინასაარჩევნოდ.

მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იმუშავებენ. მე დღეს ადამიანს ვერ ვუშვებ სამსახურიდან, კანონი არ მაძლევს ამის საფუძველს და ვერც ვნიშნავ. შესაბამისად, ხელშეკრულებით ავიყვანე ის ადამიანები, ვინც მჭირდება. დაველოდოთ, 3 თვის განმავლობაში ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

დატოვე კომენტარი