კახა კალაძე - ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს  
კახა კალაძე - ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს  

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს წლის პირველ კვარტალში გამგეობების მუშაობის შედეგები შეაჯამა.

მისი თქმით, გამგეობების უმრავლესობამ ბიუჯეტის 91-98 პროცენტი შეასრულა, თუმცა არის გარკვეული რაიონები, რომლებსაც მცირე ჩამორჩენა აქვთ.

„დასრულდა წლის პირველი კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. უმრავლესობამ  ბიუჯეტის შესრულების დაახლოებით 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გამგებლებს და გამგეობის თანამშრომლებს. არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც მცირე ჩამორჩენა აქვს – 75-78%-იანი შესრულება. მინდა გთხოვოთ, რომ  ეს მიმართულება გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამგეობა, რომელსაც ჩამორჩენა ჰქონდა და მხოლოდ 58%-იანი შესრულება დააფიქსირა, სამგორის რაიონი იყო. აღნიშნულის შედეგად კი, სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. კალაძის შეფასებით, კერესელიძის ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია.

„ერთ გამგეობას, კონკრეტულად სამგორის რაიონს ჰქონდა ჩამორჩენა 58%-იანი შესრულება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა გამგებელმა ბატონმა დავით კერესელიძემ განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიდგომებს ძალიან ვაფასებთ, ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რაიონის გამგებელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ, პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი, პირადად ჩემი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი ვაქციოთ უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად“, – განაცხადა კალაძემ.

მან ათივე რაიონის მუშაობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად კეთილმოეწყო გზები 169 მისამართზე;  მოეწყო და რეაბილიტირდა 25 სკვერი; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტირდა 44 მისამართზე; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის.

„უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგან დიდია მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია.  დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობით და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.