კახის რაიონში თანამედროვე ქართული სკოლა გაიხსნა
კახის რაიონში თანამედროვე ქართული სკოლა გაიხსნა

აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სკოლის გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ. მან მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები სწავლის პროცესში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.