კახის რაიონში, ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში, ბოლო 120 წლის განმავლობაში პირველად, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა
კახის რაიონში, ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში, ბოლო 120 წლის განმავლობაში პირველად, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა

კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.

პირველი საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ზურაბ პატარაძემ, წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.