კახი კახიშვილი - ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა
კახი კახიშვილი - ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა

ნებისმიერმა ადამიანმა და იურისტმა იცის, როგორ იცვლება ხელისუფლება. მიკვირს ისეთი ადამიანებისგან ასეთი განცხადებები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რადგან იურისტები არიან. მე ვერ მივხვდი, რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტთან, 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

კახიშვილის თქმით, ეროვნული მთავრობის შერჩევა საარჩევნო ყუთთან ხდება და აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს „უტოპიური“ უწოდა.

„ვინ გადაწყვიტა, ვინ არის ეროვნული მთავრობის შემრჩევი. იურიდიულად იმაზე შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ცნობს არჩევნებს, რომელიც შედგა 2020 წელს. კონსტიტუციის საფუძველზე, არჩევნების შედეგად შეირჩა პარლამენტის წევრთა რაოდენობა, მანდატები გადანაწილდა და კონსტიტუციის შესაბამისად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქონდა უმრავლესობა, დააკომპლექტა მთავრობა. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა და თეთრზე შავად წერია და ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ამ პოსტულატებს უნდა ვცეთ პატივი.

ახლა პოლიტიკურად, ეროვნული მთავრობის შერჩევა მე ვიცი საარჩევნო ყუთთან, როდესაც ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, მივიდეს და შემოხაზოს სასურველი კანდიდატი. ეს არის ცნება, როდესაც მოსახლეობა პირდაპირ იღებს მონაწილეობას ხელისუფლების შერჩევაში“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ჩამოყალიბდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა და ამისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა.