კახი კახიშვილი - გამოვრიცხავ, რომ კახა კალაძე არჩევნებს წააგებს
კახი კახიშვილი - გამოვრიცხავ, რომ კახა კალაძე არჩევნებს წააგებს

გამოვრიცხავ იმას, რომ კახა კალაძე არჩევნებს წააგებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში პოზიციები შეერყეს, რადგან როგორც „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებთან კომუნიკაცია აქვთ და საკრებულოს უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი პოზიციას შეიცვლის.

„მე არ განვიხილავ ასეთ ვარიანტს და შესაბამისად, სიღრმეებშიც არ შევალ. დაველოდოთ 30 ოქტომბერს, მეორე ტურის შედეგებს და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვინ რას გააკეთებს და ვინ რას მოიმოქმედებს“, – განაცხადა კახიშვილმა.

შეკითხვაზე, რა აძლევს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, კახი კახიშვილმა აღნიშნა, რომ ოპტიმიზმის საფუძველს პირველი ტურის შედეგები აძლევს.

„ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს პირველი ტურის შედეგები. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში მეორე ტური სირცხვილი არ არის. სირცხვილია, როცა პირველ ტურში იმარჯვებს მმართველი პარტია, აბსოლუტურად ყველგან, უპირობოდ. აი, ეს რომ ყოფილიყო, კითხვის ნიშნები ნამდვილად უფრო მეტი გაჩნდებოდა. მეორე ტური იმიტომ კი არ ინიშნება, რომ კონკურენტები ერთმანეთთან წკიპზე იყვნენ, ან თანაბარი ხმები იყო, არამედ იმიტომ, რომ ხმების რაოდენობა 50+1% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა გამარჯვების. მეორე ტურში ასეთი ბარიერი არ არსებობს და შესაბამისად, ანალიზი იძლევა ამის საშუალებას, რომ განვიხილოთ ის მოდელი, რომ კახა კალაძე მეორე ტურში მოიგებს“, – განაცხადა კახიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მეორე ტურის წინ ოპოზიციის შეცვლილ სტრატეგიას, როცა კოალიციური ერთობა ამომრჩეველს კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტას ჰპირდება. კახიშვილმა აღნიშნა, რომ მეორე ტურში შუა გაიკრიფა და დარჩა „ქართული ოცნება“ და კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტობით, აქ იწყება არჩევნებში გამარჯვების მიზნები და ამიტომ, ოპოზიციური კოალიციის მხრიდან ყველა შესაძლო დაპირება კეთდება, რათა მათ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მიიზიდონ.

შეკითხვაზე, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, თუნდაც, გიორგი გახარიას პარტიას, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი შემოხაზოს, კახიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამომრჩეველი თავის არჩევანში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.

„შეიძლება, ამომრჩეველს არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ის არასდროს არ წავა და „ნაცმოძრაობას“ არ შემოხაზავს. ასევე, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წევრის მიერ გაკეთებული განცხადება არ მოეწონოს, მაგრამ ის არასდროს არ წამოვა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ შემოხაზავს. ეს არის ორჯერ-ორი ოთხი“, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, არჩევნების შედეგებმა მმართველი პარტია უნდა დააფიქროს, რატომ ხდება ისე, რომ „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს ანაწყენებს და რას არ აკეთებს იმისთვის, რათა მხარდამჭერთა რაოდენობამ მოიმატოს და არა მოიკლოს.

„რაღაც მხრიდან ჩვენი შეცდომებიც არის და რაღაც მხრიდან ის, რომ ადამიანებს სხვა მოლოდინი ჰქონდათ და არ გაუმართლდათ. გარდა ამისა, ცხრა წელი პატარა ვადა არ არის იმისთვის, რომ ხმები, რომელიც პირველი ვადის დროს გქონდა, შეინარჩუნო. რა თქმა უნდა, საჭიროა ანალიზი და საჭიროა კიდევ ერთხელ დაფიქრება“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.