კახეთში, რომელიც სტიქიამ დააზარალა, გზები უკვე გაიწმინდა და მოძრაობა თავისუფალია
კახეთში, რომელიც სტიქიამ დააზარალა, გზები უკვე გაიწმინდა და მოძრაობა თავისუფალია

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ კონდოლში შეიქმნა, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

„ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ კონდოლში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. მერიასთან შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც დილიდან სოფელში იმყოფება. რა ზარალი მიაყენა მოსახლეობას სტიქიამ, ამ ეტაპზე ზუსტი ოდენობის თქმა არ შემიძლია. უკვე გვაქვს მონაცემები დაზიანებული ორი ათეული სახლის შესახებ, თუმცა მუშაობა გრძელდება, ზუსტი მონაცემები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მერია მოსახლეობას სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება“, – განაცხადა თელავის მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილმა.

სტიქიამ თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია ვენახები, სავარგულები, ელექტროგადამცემი ხაზები. ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა.

საავტომობილო გზები წაქცეული ხეებისგან უკვე გაწმინდეს და ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით, ადგილზე ასევე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ.