კახეთში, სატვირთო ავტომობილის მძღოლის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
კახეთში, სატვირთო ავტომობილის მძღოლის კონტაქტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

დედოფლისწყაროში მცხოვრები საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლის ოჯახის წევრებსა და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, მძღოლთან კონტაქტში მყოფი ათი ადამიანი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის, სადაც დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ.

„ისევე როგორც მძღოლს, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც კორონავირუსის დამახასიეთებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. დედოფლისწყაროს შემთხვევა არ ჩაითვლება კახეთის შემთხვევად, ვირუსი იმპორტირებულია, რადგან მძღოლი რუსეთში დაინფიცირდა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამასთან, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ კახეთიდან სულ 32 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის და ყველა პასუხი უარყოფითია.

კახეთში ამ ეტაპზე ხუთ საკარანტინო სივრცეში 114 ადამიანი იმყოფება.

კახეთში, თვითიზოლაციაში მყოფ სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.