კახეთში პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება
კახეთში პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება.

განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ესწვივნენ.

სტუმრებმა ყველა ის ობიექტი მოინახულეს, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სასწავლო-პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი მჭიდრო ვადებში განხორციელდება და სასწავლებელი „კახეთის სავიზიტო ბარათი“ გახდება, სადაც თანამედროვე გარემოში, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში, სასწავლო/საცდელ ნაკვეთებსა და კერძო კონპანიებში პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად, მაღალკვალიფიური სპეციალისტები მომზადდებიან.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ ახლი კოლეჯი განთავსდება, მომავალში შესაძლებელი გახდება აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც ამოქმედდეს, აქვე იქნება ყველა პირობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.