კახეთში პირველი თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა
კახეთში პირველი თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა

კახეთის რეგიონში პირველი თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა, რომელიც 300-მდე ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების პასუხს ადრესატს 24 საათში მიაწვდის. აღნიშნული ლაბორატორია საგარეჯოში შპს „ჯეო- ჰოსპიტალსის“ ბაზაზე მოეწყო.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაში.

როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“აცხადებენ, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით.

„კოვიდპანდემიის მეორე ტალღის პიკზე, ძალიან ხანგრძლივდებოდა ტესტირების ადეკვატური შეფასება და პასუხის დროული მიღება, რაც ზოგჯერ 48 საათსაც გრძელდებოდა. კლინიკაში გადაწყდა, რომ „პისიარ კვლევისთვის თანამედროვე ლაბორატორია გაკეთებულიყო, რომელიც შესრულდა. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონში შევამციროთ ინფიცირების შესახებ პასუხების მიწოდების დრო. შესაბამისად, ასეთი ლაბორატორია მძლავრ იარაღს წარმოადგენს კორონავირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით ჯიქიამ.

ახლად გახსნილი ლაბორატორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი