კახეთში მოწყობილ ე.წ. ცხელების ცენტრებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეამოწმებენ და ექიმებს ტრენინგებს ჩაუტარებენ
კახეთში მოწყობილ ე.წ. ცხელების ცენტრებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეამოწმებენ და ექიმებს ტრენინგებს ჩაუტარებენ

კახეთში ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავლენ და იმ სამედიცინო დაწესებულებებს შეამოწმებენ, რომლებიც კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრების შემოწმების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალს სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

კახეთის სამი მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის კლინიკებმა რამდენიმე დღის წინ პაციენტების მომსახურება შეწყვიტა და ისინი მხოლოდ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად მომზადდა. საგარეჯოსა და ლაგოდეხში გამოყოფილია თითო, ხოლო თელავში ორი კლინიკა. შეიქმნა მკვეთრად გამიჯნული ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული განყოფილებები. არც ერთ საავადმყოფოში ამ ეტაპზე პაციენტები არ იმყოფებიან.

ხიზანიშვილის განმარტებით, გასული 48 საათის განმავლობაში კახეთიდან არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია.