კახეთში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კახეთში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1961 წელს დაბადებული გ. მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს – 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს. ​პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.