კახეთში მდინარე ალაზნის გარკვეული მონაკვეთი დაშრა
კახეთში მდინარე ალაზნის გარკვეული მონაკვეთი დაშრა

კახეთში, მდინარე ალაზანში წყლის მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული. მდინარის გარკვეული მონაკვეთის დაშრობის მიზეზად გვალვა სახელდება.

აღსანიშნავია, რომ მდინარის წყლით მარაგდება ალაზნის სარწყავი არხი. ალაზნის სარწყავი არხი სათავეს პანკისის ხეობიდან, სოფელ დუისიდან იღებს. წყალსაცავი ნაგებობიდან მდინარის ერთი ნაწილი სარწყავ არხში გადაედინება. ახმეტის მელიორაციის სამსახურში ამბობენ, რომ სარწყავი არხისთვის წყლის კანონით განსაზღვრულ რაოდენობას იღებენ.

„სარწყავ არხში მდინარე ალაზნიდან წყალს ვუშვებთ, მაგრამ დადგენილი სანიტარული ხარჯი მდინარის კალაპოტში რჩება. ის მცირე რაოდენობა კი რაც არსებობს, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოსახლეობა საკუთარი ბაღჩეული კულტურების მოსარწყავად იყენებს. სავარაუდოდ, მდინარე 20 კილომეტრ მანძილზეა დამშრალი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ახმეტის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოსო გიგოლაშვილმა.

დაშრობას უნალექო ამინდით და გვალვიანი ზაფხულით ხსნის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.

„სარწყავი არხი ზემო და ქვემო ალვანის ტერიტორიაზე არ გადის. ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში აქვს მდინარის წყალი გაშვებული და ამ ორ სოფელს შორის წყალი ხშირად ხდება დაპირისპირების მიზეზი. თუმცა გვალვაა და ყველას უნდა, მოსავალი გადაარჩინოს“, – აცხადებს სოსო ქარუმაშვილი.

მდინარე ალაზნის კალაპოტში წყალი მას შემდეგ ჩნდება, რაც თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის ტერიტორიებზე არსებული შენაკადი მდინარეები: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი უერთდება.