კახეთში მდებარე ოთხი საკარანტინო სივრცე დღეს 50-მა ადამიანმა დატოვა
კახეთში მდებარე ოთხი საკარანტინო სივრცე დღეს 50-მა ადამიანმა დატოვა

კახეთში მდებარე ოთხი საკარანტინო სივრცე, რომლებიც განთავსებულია სასტუმროებში: „ლოპოტა“, „პარკ ინნი“, „ალაზნის ველი“ და „ამბასადორი კაჭრეთი“, დღეს 50-მა ადამიანმა დატოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ.

თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

კარანტინში მყოფთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5082 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 13115 ადამიანს დაუსრულდა.