კახეთში ხორბლის მოსავალს იღებენ 
კახეთში ხორბლის მოსავალს იღებენ 

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიმდინარე სამუშაო პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებთ, წარმატებულია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50 პროცენტიანი თანადაფინანსებით, ფერმერებს საშუალება მივეცით ტექნიკა შეეძინათ. გარდა ამისა, გასულ წელს შევიძინეთ 30 ერთეული კომბაინი; სამუშაო პროცესში ამ ტექნიკის ჩართულობის შედეგია სწორედ, რომ შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ალოობა. წარმატებით დამთავრდა მოსავლის აღება ალაზანზე, მიმდინარეობს შირაქში და გაგრძელდება ქართლში. ფერმერები კმაყოფილი არიან“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“.

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, 2018 წელს, გარემო პირობებზე ადაპტირებული 30 ერთეული მარცვლეულის ამღები ახალი კომბაინი შეიძინა.

კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მოსავლის აღება აგროვადების დაცვით მოხდეს.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარზე ხორბალი.

დატოვე კომენტარი