კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ამის შესახებ პირველ არხს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ერბოწონაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სოფელში უკვე ჩავიდნენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და ზარალს ითვლიან. მოსახლეობა ქარისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას საკუთარი ძალებით ცდილობს.

ამასთან, ქარმა სოფელ იორმუღანლოს გზაზე რამდენიმე ადგილზე, ქარსაცავ ზოლში ალვის ხეები წააქცია. შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლის აღდგენაზეც ენერგოკომპანია უკვე მუშაობს.

როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.