კახეთში ცხელების ცენტრები ამოქმედდა  
კახეთში ცხელების ცენტრები ამოქმედდა  

კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრები ამოქმედდა. შესაბამის პაციენტებს თელავში ორი, საგარეჯოში ერთი და ლაგოდეხში ასევე ერთი კლინიკა იღებს.

„კახეთში ცხელების ცენტრებმა, როგორც შერეული რეჟიმის კლინიკებმა უკვე დაიწყეს ფუნქციონირება. თელავში ორი კლინიკა, საგარეჯოსა და ლაგოდეხში თითო კლინიკა იღებენ როგორც ჩვეულებრივ სომატურ პაციენტებს, ასევე ცხელებით პაციენტებს. ამ ეტაპზე აქტივობა არ არის. ამ კლინიკებში მოთავსების შემდეგ პაციენტებს ნიმუშებს აუღებენ. ჩვენ ამისთვის ახალი ალგორითმი გვაქვს, ვიმოქმედებთ შესაბამისი პროტოკოლით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

ცხელების ცენტრები ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს, შეხვდნენ მედპერსონალს და ტრენინგიც ჩაუტარეს.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონის 10 საკარანტო სივრცეში 604 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი, 52.