კახეთში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს
კახეთში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

სოფლის-მეურნეობის მიმართულებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით 1000-მდე ფერმერმა უკვე მიიღო კუთვნილი ფასდაკლების ბარათები.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად, ყვარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ფერმერებს შეხვდა და დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს დიზელის ფასდაკლების ბარათების მისაღებად 300-მდე ფერმერმა უკვე მიმართა.

„იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას გარკვეული ფინანსური შეზღუდვები აქვს, ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ ფერმერებს, რაც თავისთავად ქმნის მათთვის იმედის განაწყობას, რომ მათი მოსავალი იქნება კარგი და ხარისხიანი და არ გაუჭირდებათ რეალიზაცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაც უკვე შემოვიდა, შეუფერხებლად ხდება მისი რეალიზაცია და ფასი დამაკმაყოფილებელია ფერმერებისათვის. კახეთში ფერმერები ოპტიმისტურად უყურებენ დღევანდელ ვითარებას და მომავალს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.