კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განახლდა. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლა შენდება.

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი და ასევე, სოფელ მატანში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა დაათვალიერეს. ისინი ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოები 2020 წლის ბოლოს დასრულდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ 200 ათასი ლარია.

რაც შეეხება სოფელ მატანში ახლადგახსნილ ამბულატორიას, მისი მშენებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 72 000 ლარი შეადგინა. ამბულატორიაში როტაციის წესით, სამი ექიმისა და სამი ექთნისგან შემდგარი სამი ჯგუფი მუშაობს. ამბულატორიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და ამავე წელს დასრულდა, შენობა ექსპლუატაციაში 2020 წელს მიიღეს.