კახეთის რეგიონში გუშინდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში გუშინდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში გუშინდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკით იწმინდება ცენტრალური და საუბნო გზები.

საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები გუშინვე დასრულდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში წყლის მოვარდნა სანიაღვრე არხების არარსებობამ გამოიწვია.

„დიდი ხანია ვითხოვთ სანიაღვრე არხების გაკეთებას, სანამ სულ არ წაგვიღებს. ალბათ არავინ იქნება ჩვენი პატრონი“, – აცხადებს სოფელ ანაგის მკვიდრი დარეჯან ყატაშვილი.

ამ დრომდე ვერ მოხერხდა ალაზნის პირას არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის გაწმენდა.

ანაგაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც მინისტრის მოდგილემ აღნიშნა, საჭიროა სისტემური პროექტის განხორციელება ღვარცოფული მდინარეებისა და ხევების კალაპოტებზე პრევენციული ზომების გასატარებლად.

დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ხევები ადიდდა. სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა.