კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 24 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 24 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, – ამის შესახებ ინფორმაცის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა.
„რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათას ტონამდე საფერავი, 7 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 350-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 110 რთველის პროცესში უკვე ჩართულია. რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით, დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.