კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.