კახეთის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება
კახეთის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტირება დასრულდა, ესაა 85 კმ-იანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის, ისე კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

„ამ გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სამ ლოტად დაიყოფა. ანალიზის შედეგად, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ პირველ ლოტზე ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში პირდაპირ მონაწილეობის შესაძლებლობა. ესაა 4 კმ- მდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების შეძენის კუთხით და შემდგომში, კიდევ უფრო დიდ ტენდერებში მონაწილეობისათვის. 74 მილიონი ლარია საორიენტაციო ბიუჯეტია მხოლოდ ამ ლოტისთვის და ასეთი ზომის ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვით ჯერ არ გამოგვიცხადებია“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი ორი ლოტის ღირებულება 576 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაში, ქარსელაძის თქმით, ტენდერები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების დაცვით ჩატარდება და აქაც ქართულ კომპანიებს ერთობლივი საწარმოების შექმნით შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობა.

ბაკურციხიდან ჩუმლაყის მიმართულებით, ე.წ. გურჯაანის შემოვლითი გზა, მალე დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, რის შედეგედაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში, ხოლო გადაადგილების დრო განახევრდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია ბაკურციხე-წნორის მიმართულებით, სადაც ახალი გზის მშენებლობას ვგეგმავთ, რადგან არსებული ვერ აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. ყველა ეს სამუშაო ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივებისთვის და პოზიტიურ როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.