კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა განუცხადა.

„მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი, დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი ამ დრომდე შენობაში რჩებოდა.

ყვარელში საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.