კახეთის გუბერნატორი - შემუშავებულია სქემა, რომლის მიხედვითაც თუშეთში, კერძოდ სოფელ ომალოში მოსახლეობას გაზი მიეწოდება
კახეთის გუბერნატორი - შემუშავებულია სქემა, რომლის მიხედვითაც თუშეთში, კერძოდ სოფელ ომალოში მოსახლეობას გაზი მიეწოდება

აქტიურად ვმუშაობთ კომპანია „სოკართან“ ერთად, შემუშავებულია სქემა, რომლის მიხედვითაც თუშეთში, კერძოდ სოფელ ომალოში, შესაძლებელია მოხდეს დაქსელვა და მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება, ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სოფლის დაქსელვის შემდეგ, ვფიქრობთ, მოვახერხებთ თხევადი გაზის ატანას სპეციალური ავტომობილებით და ადგილზე მოწყობილ საცავში დატუმბვას. ეს იქნება ახალი ტექნოლოგია ჩვენთან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, პერსპექტივაში იქაც გვქონდეს გაზი. ვაცნობიერებთ, რომ სოფელში გაზგამანაწილებელი ქსელის მონტაჟი გაცილებით იოლია, მოსაფიქრებელია, როგორ მოხერხდეს გაზის ტრანსპორტირება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის განმარტებით, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება რეგიონში მხოლოდ მთის სოფლების მცირე ნაწილი, სადაც ფიზიკურად ვერ ხერხდება გაზსადენის მილის მიყვანა, რადგან ეკონომიკურად არარენტაბელურია.

რეგიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კახეთის ძირითადი მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა 2020 წელს დასრულდება.