კახეთის გუბერნატორი დამსაქმებლებს სპეციალური წესების დაცვისკენ მოუწოდებს
კახეთის გუბერნატორი დამსაქმებლებს სპეციალური წესების დაცვისკენ მოუწოდებს

სატრანსპორტო საშუალებაში, რომლითაც მუშახელის ტრანსპორტირება განხორციელდება, არ უნდა იმყოფებოდეს ექვს ადამიანზე მეტი, ვაფრთხილებთ ყველას, მუშახელის სამუშაო პირობები, დასვენებისა და საკვების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებს, – განაცხადა მედიასთან შეხვედრისას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთის გუბერნატორის თქმით, კახეთში ხვნა-თესვის, ვენახისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში რეგულაციების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. გუბერნატორმა რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა იმ კომპანიებსაც, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის დასამაუშავებლად ან ვენახში სამუშაოდ ხშირ შემთხვევაში მუშახელი მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, სადაც 12-15 ადამიანი იჯდა. ახლა ეს გამორიცხულია. მაქსიმუმ ექვსი ადამიანი შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებაში. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ვრცელდება ყველა სახის სამუშაოებზე. აქაც მუშებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ჰქონდეთ პირბადეები, სამშენებლო კომპანიებმა აწარმოონ რეგულარული თერმოსკრინინგი“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა შეკითხვის, საეჭვო სიტუაციის ან კანონდარღვევის შესახებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეკონ.

რეგულაციებთან დაკავშირებით და საკარანტინო რეჟიმის პირობებზე ყველა ქალაქსა და სოფელში კონტროლს სამართალდამცველები 24 საათის რეჟიმში განახორციელებენ.