კახეთიდან თბილისში ორი მოქალაქე გადმოიყვანეს
კახეთიდან თბილისში ორი მოქალაქე გადმოიყვანეს

კახეთიდან თბილისში ორი მოქალაქე გადმოიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ერთს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება, ხოლო მეორე, თვითიზოლაციაში მყოფი პირი თბილისში ასაკისა და თანმხლები დაავადებების გამო გადმოიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ე.წ. ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა.

„რეფერალური საავადმყოფო ემსახურება თელავს და ყვარელს, სხვა დაავადებების მქონე მოსახლეობა პრაქტიკულად ერთი კერძო კლინიკის იმედად რჩებოდა, რაც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამიტომ რეფერალური საავადმყოფო დაუბრუნდა ძველ ფუნქციას და ყველა სერვისი აღდგა. კორონავირუსთან დაკავშირებით ცხელების კლინიკაა თელავის ცენტრალური საავადმყოფო, საგარეჯოს და ლაგოდეხის საავადმყოფოები“ ,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში თვითიზოლაციის რეჟიმში 183 ადამიანი რჩება, 50-ს კი ეს რეჟიმი მოეხსნა.

ამასთან, რეგიონის ცხრა საკარანტინო ლოკაციაზე 684 ადამიანი იმყოფება.

ამ დრომდე კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.