კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის სინჯი გაიგზავნება
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის სინჯი გაიგზავნება

კახეთიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, კარანტინის სივრციდან ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

ამასთან, კახეთში გაიზარდა კარანტინის სივრცეების რაოდენობა და 11 სივრცეში 562 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი, 11 ადამიანი რჩება.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ათი პაციენტის სინჯების პასუხი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.