კახაბერ ქემოკლიძე - იმედი მაქვს, გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის პოლიტიკაში შემოსვლა დაასრულებს საზოგადოებაში არსებულ უდიდეს ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას
კახაბერ ქემოკლიძე - იმედი მაქვს, გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის პოლიტიკაში შემოსვლა დაასრულებს საზოგადოებაში არსებულ უდიდეს ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას

გულწრფელად იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის პოლიტიკაში შემოსვლა დაასრულებს იმ უდიდეს ნიჰილიზმს და იმედგაცრუებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს აბსოლუტურად ყველა ფენაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოს ინტერესებს მოერგებიან.

„უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა მოერგონ პოლიტიკური პარტიები. დღეს სამწუხაროდ, ეს არის აბსოლუტურად პირიქით; ვიწრო პოლიტიკური ინტერესები არის მორგებული სახელმწიფოზე და მის ინტერესებზე და ეს არის სერიოზული გამოწვევა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შრომით, კომპეტენეციით, პროფესიონალიზმით, დიდი ენერგიით, თავდაჯერებულობით, შიშის დაძლევით, ქვეყანა ვაქციოთ ჯერ სახელმწიფოდ და შემდეგ ეს სახელმწიფო წავიყვანოთ წინ. დღეს, ჩვენს ირგვლივ ბევრი გამოწვევა არსებობს. საზოგადოებას არ აინტერესებს პოლიტიკური კინკლაობა თუ კეკლუცობა, რომელსაც ფაქტობრივად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ ყველანი. ამიტომ კრიტიკული მნიშვნელობა ექნება იმას, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ჩვენც, როგორ შევძლებთ საზოგადოებისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას, იდეების გენერირებას და ადამიანურ ენაზე ახსნას. დღეს ამ კუთხით არის დიდი ჩავარდნა, პოლიტიკოსები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც უბრალოდ ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდი რომელიც დღეს გიორგი გახარიასთან ერთად წარდგა თავისი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით, შიშისგან თავისუფლებით, საქმის ერთგულებით, კონკრეტული საქმის კეთების მაგალითებით, შეძლებს სწორედაც იმას, რომ რიგით მოქალაქეს უბრალოდ მისცემს საშუალებას, ნორმალურ, სამართლიან, წესიერ ქვეყანაში ვაცხოვროთ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.