კახაბერ ოქრიაშვილი - პროპორციული სისტემა არის მოძველებული, უვარგისი და რისკების შემცველი 
კახაბერ ოქრიაშვილი - პროპორციული სისტემა არის მოძველებული, უვარგისი და რისკების შემცველი 

მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, საზოგადოების ინტერესების ხარჯზე ვიწროპარტიული ინტერესების წინ წამოწევა მოხდება.

როგორც კახაბერ ოქრიაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პროპორციული სისტემა არის მოძველებული და რისკების შემცველი.

„ორი დღეა ჩვენი საზოგადოება აკვირდება როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესების უგულებელყოფა და ვიწროპარტიული ინტერესების წინ წამოწევა. პროპორციული სისტემა არის მოძველებული, უვარგისი და რისკების შემცველი საარჩევნო სისტემა, ის არ ამართლებს ევროპაში. ქვეყნები, სადაც ეს სისტემა არის დანერგილი არიან მუდმივ, პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში, რაც გამოიხატება პრაქტიკულად ყოველწლიურ რიგგარეშე არჩევნებში, ესპანეთი, ისრაელი, მოლდოვა და ასე შემდეგ. მეორე, ტენდენცია ევროპაშიც არის პროპორციული სისტემიდან გადასვლა შერეულზე, ან მაჟორიტარულზე. მაგალითად, ბოლო ერთ წელიწადში იტალია და მოლდოვა გადავიდა. ამ ფაქტების უგულებელყოფა არ შეიძლება. ე.ი ჩვენ ვაყენებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს უფრო წინ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესებს. მე არ მსურს, რომ მომავალში ჩემს ქვეყანაში ყოველწლიურად რიგგარეშე არჩევნები იყოს და თუ ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბებული დემოკრატია არსებობს და დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს და ისინი უძლებენ ამ პერმანენტულ კრიზისებს, ჩვენი ქვეყანა ამ კრიზისებს ვერ გაუძლებს. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, რომ ეს საარჩევნო სისტემა არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ფრაქციის სახელით სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანონპროექტს, მინუს ექვსი ხმა და თქვენც მოგიწოდებთ გააკეთოთ იგივე“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.