კახაბერ გვანცელაძე - თბილისის მასშტაბით 13 ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი და უკვე სექტემბრისთვის 10 ახალი ბაღი გაიხსნება
კახაბერ გვანცელაძე - თბილისის მასშტაბით 13 ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი და უკვე სექტემბრისთვის 10 ახალი ბაღი გაიხსნება

დღეს თბილისის საკრებულოში სააგენტოს სამთვიანი მუშაობის დეტალური ანგარიში წარვადგინეთ და მინდა გითხრათ, მოკლე დროის მიუხედავად, ბევრი პროექტის დაწყება შევძელით, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებაა. ეს არის მულტისექტორული თემა, რომელიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა შენობების ინფრასტრუქტურული, კონსტრუქციული მდგრადობა, „ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება, სახანძრო უსაფრთხოება, სათამაშო მოედნების უსაფრთხოება, ვიდეო მონიტორინგის გაძლიერება და ჰიგიენისა და კვების კუთხით მონიტორინგის გააქტიურება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისი თქმით, თბილისის მასშტაბით ცამეტი ახალი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი და უკვე სექტემბრისთვის ათი ახალი ბაღი გაიხსნება.

როგორც კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, სააგენტომ კონკრეტული ნაბიჯები ინკლუზიური განათლების კუთხითაც გადადგა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც კონკრეტულ სასწავლო და ინდივიდუალურ გეგმებს შეიმუშავებს.

გვანცელაძემ ასევე თქვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს რეფორმაზე, რის შედეგადაც თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო უფრო მეტად კონსალტინგზე იქნება ორიენტირებული და ბაგა–ბაღების თანამშრომლები საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებენ.

„ბაღებს ეყოლება კონსულტანტები, რომლებიც ბაღებს ფინანსების, შესყიდვების, მეთოდოლოგიის, კვებისა და ჰიგიენის კუთხით ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიაწვდიან. ეს ყველაფერი იმაზეა ორიენტირებული, რომ ბაღებში უფრო მეტად კომფორტული გარემო შევქმნათ და ასევე, საჯარო სერვისების ხარისხი ავწიოთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის საკრებულოს ორწლიანი სამოქმედო გეგმაც წარუდგინა, რომელიც ბავშვებსა და ბაღების პერსონალზე ორიენტირებულ სხვადასხვა გლობალურ პროექტს მოიცავს.