კახაბერ ჭიჭინაძე - კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს
კახაბერ ჭიჭინაძე - კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს

კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს, რადგან არ შეიძლება, ქვეყნის კურსი განისაზღვროს მაშინ, როცა მსოფლიოში ცვლილებები ხდება და ახალი ზესახელმწიფოები მოდიან, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

„აგერ, ასპარეზზე ჩინეთი გამოჩნდა და საშუალება გვაქვს, მასთან ვითანამშრომლოთ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს აღებული ასეთი ვექტორი – გინდა თუ არა, დასავლეთი, აღმოსავლეთი, ან ჩრდილოეთი. ჩვენ საქართველოს ინტერესებზე, განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს აღმოსავლეთიდან იქნება, თუ სამხრეთიდან, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ჩვენი ინტერესებია, რომელიც ჩვენი სამეზობლოს ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს და მათთან კომუნიკაციის აღდგენა უნდა მოვახერხოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოდის კონსტიტუციასთან თანხვედრაში ნეიტრალიტეტის შესახებ მისი ინიციატივა, რაც მის დაპირებებშია და როგორ აპირებს ის ამ წინააღმდეგობის დაძლევას, კახაბერ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებას, სხვა უფლებებთან ერთად, რეფერენდუმის უფლებაც უნდა დაუბრუნდეს და ეს საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.

„ერთმნიშვნელოვანია, რომ ნატო ტერიტორიულ მთლიანობას ვერ მოგვიგვარებს. ადამიანებისგან, რომლებიც ევროპისკენ იყურებიან, მოდის მესიჯები, რომ აფხაზეთი ზედმეტია და უნდა მოიკვეთოს. ეს ის მესიჯებია, რითაც ისინი გვთავაზობენ, ამ ტერიტორიულ მოცემულობაში დავრჩეთ.

ჩინეთი დაინტერესებულია, აქ ე.წ. ბუფერული ზონა შეიქმნას. საქართველო-აზერბაიჯანი უნდა იყოს მშვიდობის კორიდორი, სადაც რუსეთი თავს დაცულად იგრძნობს, რომ სამხრეთის დერეფნიდან ბალისტიკური შეტევა არ ექნება, სამხრეთში არსებულ ქვეყნებს კი, არ ექნებათ იმის საშიშროება, რომ რუსეთიდან ბალისტიკური რაკეტა ჩვენ ტერიტორიაზე გადაიფრენს. ამ არსენალის გაძლიერებაში თვითონ რუსეთიც შეიძლება იყოს ჩართული. ჩინეთი და ევროპა თანახმაა და იმ პირობით, თუ რუსეთი ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე თანახმა იქნება, ჩვენ შევძლებთ, ახალი მოცემულობა დავდოთ, სადაც ნეიტრალიტეტს მივიღებთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი მუსლიმანური და ამ ორი სახელმწიფოს ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადება საშუალებას მოგვცემს, რელიგიური ომების დაწყების შემთხვევაშიც კი, მშვიდობიანი დერეფანი გვქონდეს და ნებისმიერი კონფლიქტის მოლაპარაკებების გარანტია ვიყოთ.

„ნატო-ში შესვლა იმიტომ გვინდა, რომ რუსეთს დავუპირისპირდეთ, ან ნატო-მ ჩვენი პრობლემები მოაგვაროს. არადა, ჩვენ დაპირისპირების საგანი არ უნდა გავხდეთ, რადგან ჩვენი ფუნქცია ისაა, მსოფლიოს ახალი სულიერი აზროვნება მივცეთ და ყველა დაპირისპირებული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიწვიოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილის შეკითხვაზე, რა არის მისი პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხი, კახაბერ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მთავარი ამოცანა საარჩევნო კოდექსის სრული ცვლილება, დეპუტატის არჩევის სრულიად განსხვავებული მექანიზმის და მისი უკან გაწვევის მექანიზმის შექმნაა.