კახა საბანაძე - მიმდინარე წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა გაზრდილია
კახა საბანაძე - მიმდინარე წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა გაზრდილია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, სამართალდამცავი უწყების მიერ მიმდინარე წლის ექვს თვეში ხუთი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ეს მონაცემები დეპარტამენტის მიერ ექვსი თვის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაშია ასახული.

ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მონაცემებით, გამოცემული ხუთი ათასი შემაკავებელი ორდერიდან სამი ათასზე მეტზე გამოძიება დაიწყო. შემაკავებელი ორდერების დარღვევის სტატისტიკა კი, დაახლოებით სამი პროცენტია. ასევე დეპარტამენტის მონაცემებით გაზრდილია სექსუალური ხასიათის დანაშაულებებზე მიმართვიანობა და ამ მიმართულებით 90 პირი მიეცა პასუხისგებაში.

„გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე გაიზარდა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობის მაჩვენებელიც. გაიზარდა შემაკავებელი ორდერების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკაც, დაინერგა ძალადობის რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის საშუალებას იძლევა.
დისკრიმინაციული მომენტის გამოკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებებში სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ასევე პროგრესია ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირების კუთხითაც, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და გამკაცრდა ოჯახში ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციული დანაშაულის მიმართულებით. დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებმა დაგვანახა, რომ საჭირო იყო სხვა კატეგორიის დანაშაულებზეც მსგავსი მონიტორინგის განხორციელება. შსს-ს ინიციატივით მიმდინარეობს სსსკ-ის რეფორმა, რაც გულისხმობს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას, სწორედ ამიტომ მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მანდატი გაუფართოვდა. სისტემაში გაჩნდა ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრას. ჩვენთვის პრიორიტეტულია დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმართვა, სწორედ ამ მიზნით, შსს-ში შეიქმნა კოორდინატორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულის ინტერესების დაცვას საგამოძიებო პროცესში. ამ მიმართულებით უკვე ექვს დანაყოფში ფუნქციონირებს კოორდინატორის სამსახური, მიუხედავად პროგრესისა, ჩვენ გვაქვს მრავალი გამოწვევა“, – განაცხადა შსს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ.