კახა მაღრაძე - პოლიტიკური მოთამაშეები დივიდენდებს რადიკალური დაპირისპირების დემონსტრირებით იღებენ
კახა მაღრაძე - პოლიტიკური მოთამაშეები დივიდენდებს რადიკალური დაპირისპირების დემონსტრირებით იღებენ

პოლიტიკური მოთამაშეები დივიდენდებს რადიკალური დაპირისპირების დემონსტრირებით იღებენ, – ამის შესახებ პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, კახა მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბოლო არჩევნები, არჩევნების წინა და შემდგომი პროცესები, შეთანხმებები, შეუთანხმებლობა და ასე შემდეგ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დღეს, საქართველოში პოლიტიკური დისკურსი რადიკალიზმზე დგას. შესაბამისად, ეს დისკურსი გადადის მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერ პატარა ჯგუფებში, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, რადიკალური დაპირისპირების პირობებში მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა და ამიტომ, საჭიროა, საკითხების განხილვა შეხვედრებში, დისკუსიებსა და დიალოგში გადავიდეს.

„ანუ, ფაქტობრივად, მოლაპარაკებამ დაკარგა აზრი, როცა რადიკალური დაპირისპირება აქვთ. დაიკარგა თუნდაც ის, რაც კულუარებში უნდა ხდებოდეს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. თუ ვინმეს პრობლემა აქვს, გამოდის და ამას მაშინვე საინფორმაციო სივრცეში აფიქსირებს და იქაც ყველა რადიკალური დაპირისპირების დემონსტრირებით ცდილობს საკუთარი დივიდენდების მიღებას“, – განაცხადა მაღრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ ხდება საზოგადოების განწყობების გათვალისწინება, რაც თუნდაც, კვლევებში აისახება, რატომ მიდიან რიგი პოლიტიკოსები ამ განწყობებისგან რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯებზე და არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ისინი საზოგადოების პულსაციას ვერ გრძნობენ, კახა მაღრაძემ განაცხადა, რომ შეიძლება, ეს ფაქტორიც იყოს, მაგრამ აქ ბევრი სხვა ფაქტორია.

„ელექტორატი არჩევანს მხოლოდ იმ ფაქტორიდან გამომდინარე არ აკეთებს, რომ ვიღაც მისთვის მისაღები ძალაა, ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ხშირად შეიძლება, ეს ფაქტორები არ იყოს და ამომრჩეველი არჩევანს სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე აკეთებდეს. შეიძლება, პოლიტიკური ჯგუფები ხედავენ, რომ ისინი გარკვეულ მხარდაჭერას მაინც იღებენ, ეს პროცენტებში აისახება და ძალიან მარტივი ლოგიკით შეიძლება, კორელაცია ყველამ დაასაბუთოს, რომ რახან ასე ვიქცევით, რახან ოპონენტებთან არავითარი შეხების წერტილი არ გვაქვს და მათთან მუდმივი დისტანცირების, თუ დაპირისპირების რეჟიმში ვართ, გარკვეული პოლიტიკური შედეგი ამან მოგვიტანა, ან ამან გაგვამარჯვებინაო. შესაძლოა, ქართულ პოლიტიკურ თუ საინფორმაციო სივრცეში ასეთი ტიპის ილუზიასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა კახა მაღრაძემ.