კახა კუკავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
კახა კუკავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

10 პუნქტიანი პროგრამიდან კუკავამ განსაკუთრებული ყურადღება მარიხუანას საკითხზე გაამახვილა. მას მიაჩნია, რომ კანაფის მოხმარების ლეგალიზება და კულტივაცია დაუშვებელია.

ამასთან, კახა კუკავა ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის პრობლემებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, მისი საარჩევნო პროგრამა კონკურენტების დაპირებებისგან განსხვავებულია და ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებს ეფუძნება.

„მხოლოდ ჩვენი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს პუნქტს, რომ საქართველოში წერტილი დაესვას უკონტროლო ემიგრაციას. მხოლოდ მე ვსაუბრობ მკაფიოდ, რომ დაუშვებელია მარიხუანას ნებისმიერი ფორმით კულტივაცია, ლეგალიზება და ექსპორტი. მხოლოდ ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს, რომ უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ტრადიციულ ფასეულობებს“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ამასთან, კუკავას თქმით, მხოლოდ მის პროგრამაშია გათვალისწინებული მევახშეობის სისხლის სამართლის წესით აკრძალვა და მსესხებელსა და მოვალეებს შორის ურთიერთობების ახალ იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევა.

„ასევე, სახელმწიფომ მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადასცეს, ტყეები და საძოვრები კი, ნაციონალიზებული უნდა იყოს და თვითმმართველობას გადაეცეს“, – განაცხადა მან.

კახა კუკავას საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ახალი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, კუკავას მეგობარია და მას პირად მხარდაჭერას უცხადებს.