კახა კუკავამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
კახა კუკავამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პატივი მიაგო.

როგორც კუკავამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე 9 აპრილს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ აღნიშნავენ.

„1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე, ამ ორწლიან შუალედში გადაწყდა, რომ უნდა გვეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში და არა საბჭოთა კავშირის ტყვეებად. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ბოლომდე არაა გაცნობიერებული, რადგან ქვეყნის სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე ამ თარიღს აღნიშნავენ გლოვის, ტრაგედიის დღედ.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ იმ დღემდე, რომ 9 აპრილი აღინიშნება დამოუკიდებლობის აღდგენის დღე როგორც საქართველოში, ისე საერთშორისო საზოგადოებაში“,- განაცხადა კახა კუკავამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.