კახა კუკავა - ყველა, ვინც ეწინააღმდეგება პროპორციულ არჩევნებს, მიაქანებს ქვეყანას ახალი არეულობისა და სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ
კახა კუკავა - ყველა, ვინც ეწინააღმდეგება პროპორციულ არჩევნებს, მიაქანებს ქვეყანას ახალი არეულობისა და სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციას ესწრება.

როგორც კახა კუკავამ პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, დღეს, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, პროპორციული სისტემა არის ერადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან.

„დღეს, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვიყავით ძალადობის ზღვარზე, პროპორციული სისტემა არის ერადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება პროპორციულ არჩევნებს, მიაქანებს ქვეყანას ახალი არეულობისკენ და სახელმწიფოებრიობის ნგრევისკენ. ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ. ამ ექსტრემიზმს თავი უნდა დავაღწიოთ. პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მართავს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.