კახა კუკავა – ვფიქრობ, 110/40-ზე არ არის ხელიდან გასაშვები ვარიანტი
ვფიქრობ, 110/40-ზეც არ არის ხელიდან გასაშვები ვარიანტი, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„როგორც ვხედავ, ამ ეტაპზე 110/40 არის რეალური. წინა ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებიდან გამომდინარე, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს ბევრჯერ იყო ვითარება, როცა უკეთესის ძებნაში ოპოზიციას ხელიდან გაგვექცა კომპრომისული და შუალედური ვარიანტი. ასე იყო 2008 წელსაც და 2016-შიც. ამიტომ, ვფიქრობ, 110/40-ზეც არ არის ხელიდან გასაშვები ვარიანტი და ოპოზიციის მიერ ეს ვარიანტი არ უნდა იქნას უარყოფილი. რა თქმა უნდა, იმ დათქმებით, რომ მესამე მოსმენამდე მისი გაკეთილშობილება მოხდება. პირველ რიგში, ვგულისხმობ მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს. იმედი მაქვს, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და არ მოხდება ოლქების ბარბაროსული დაჩეხვა, რომ თბილისის ხარჯზე ყველა ოლქი შემცირდეს და ეს ოლქები მერე ქვემო ქართლში გადაისროლონ“, – განაცხადა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის 120/30-ზე ვარიანტი.
„იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხის მიმართ საკმარისი დემოკრატიული ხედვები არ აქვს, ვფიქრობ, თვითონ მათი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე 120/30-ზე იქნებოდა უფრო სწორი ნაბიჯი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამაზე შესაძლებელია, მიღწეულ იქნას ფართო პოლიტიკური კონსენსუსი“, – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, ხელისუფლების ძირითადი ინტერესი საერთაშორისო წნეხის შესუსტებაა და კომპრომისზე სწორედ ამიტომ მიდის.
„ამ კონტექსტშიც ვფიქრობ, 120/30-ზე იქნებოდა ის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო წნეხს შეასუსტებდა და ქვეყანას მინიმუმ, არჩევნებამდე მოუხსნიდა ამ პრობლემას“, – განაცხადა კუკავამ.
როგორც კუკავამ აღნიშნა, „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ინიციატივას, რომ დადგენილ იქნას არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა და თუ ეს მოხდება, ხელისუფლების მხრიდან ეს იქნება კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი.