კახა კუკავა - ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, როგორც თავად თქვა, მეორე დღიდან შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და ისევ იგივეს დაიწყებენ
კახა კუკავა - ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, როგორც თავად თქვა, მეორე დღიდან შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და ისევ იგივეს დაიწყებენ

პირადად მე მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი არც ერთ კანდიდატს არ უნდა დავუჭიროთ, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდები, თუ ჩემი რომელიმე მხარდამჭერი ხმას მისცემს რომელიმე კანდიდატს, მაგრამ მე პირადად, ხმის მიცემას არც ერთი მათგანისთვის არ ვაპირებ. აგიხსნით, რატომ – რამდენიმე საათის წინ ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ვერ დავინახე, რომ მან ერთი შეცდომა მაინც დაინახა. ვერ დავინახე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გადააფასა. ერთი თანამდებობის პირი მაინც გადადგა?! კონსტიტუციაზე, საარჩევნო კოდექსზე, ან სამართლიანობის აღდგენაზე რამე კონკრეტული თქვეს, რის შეცვლას აპირებენ?!“, – განაცხადა კუაკავამ.

კახა კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში, მას კონსულტაციები ჰქონდა საკუთარი გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან, მაგრამ ერთიანი აზრი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

მისი თქმით, როგორც გრიგოლ ვაშაძის არ სჯერა, ისე არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის. 

„ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, როგორც თავად თქვა, მეორე დღიდან შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და ისევ იგივეს დაიწყებენ. ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არც იმაზე მინდა, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივცეთ და მეორე დღიდან თალაკვაძემ და მდინარაძემ ისევ უტიფარი ნოტაციები გვიკითხონ“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, ხალხმა ხმა მისცა არა გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც კანდიდატად დასახელებამდე არაფრით გამორჩეული, ერთი ნაცრისფერი ფიგურა იყო, არამედ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილის უტიფრობის წინააღმდეგ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ მისცა ხმა ამომრჩეველმა პირადად მას და პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილმა და მან ვერ მოახერხეს გაერთიანება და მესამე ცენტრის შეთავაზება, რაც, კუკავას აზრით, დავით უსუფაშვილის შეცდომა უფრო იყო, თუმცა ამაში ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ადანაშაულებს.