კახა კუკავა - თუ არჩევნები პირველ ტურში დამთავრდება, შესაძლოა, პოლიტიკური პროცესები რუსთაველზე გაგრძელდეს
კახა კუკავა - თუ არჩევნები პირველ ტურში დამთავრდება, შესაძლოა, პოლიტიკური პროცესები რუსთაველზე გაგრძელდეს

ჩვენთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის გუნდში მიმდინარეობს დისკუსია , გაიმართოს თუ არა მეორე ტური,- ამის შესახებ განცხადება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გააკეთა. კახა კუკავამ ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ შეეცდება არჩევნების გაყალბებას.

„უახლოეს ორ საათში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მოახდენენ თუ არა ამომრჩევლის მობილიზაციას, შემდგომ კი, ხმების გადათვლისას არჩევნების გაყალბებას. უფასო რჩევა მინდა მივცე ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას, არჩევნების პირველ ტურში დამთავრების მცდელობა მარტივი არითმეტიკა არის და გულისხმობს იმას, რომ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს უნდა მოპარონ ხმები გარკვეული რაოდენობით. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია საპროტესტოდ იქნება განწყობილი არსებული რეჟიმისა და არჩევნების წინააღმდეგ და არც ერთი მათგანი არ ცნობს შედეგებს. ძალიან მაღალია ალბათობა რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური პროცესების გაგრძელებისა, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს ამ პერსპექტივაზე და  მიიღოს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ივანიშვილის კარზე როგორც მისი პიარ ჯგუფის, ისე სუს-ის ხელმძღვანელების მხრიდან“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, პირველ ტურში არჩევნების დამთავრება ნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელებს გაუჩნდებათ სურვილი, გავიდნენ ქუჩაში.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ გვაქვს სურვილი, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები და იყოს დესტაბილიზაცია. ამიტომ მოვუწოდებთ ივანიშვილს, დაანებეთ თავი ჩვენს ხმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განმეორდა ის უსინდისობა, რაც მოხდა შარშან, ჩვენ უბრალოდ არ დაგვრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები“,-განაცხადა კახა კუკავამ.