კახა კუკავა - სანამ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ ექნებათ ქართულ პოლიტიკაში საკონტროლო პაკეტი, მუდმივად ვიქნებით ტრეფიკინგის მსხვერპლი
კახა კუკავა - სანამ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ ექნებათ ქართულ პოლიტიკაში საკონტროლო პაკეტი, მუდმივად ვიქნებით ტრეფიკინგის მსხვერპლი

ირაკლი კობახიძის განცხადება იყო მისი პოლიტიკური გზავნილი ამომრჩევლის მიმართ, – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„მეც შემიძლია, ამომრჩეველს „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური გზავნილი ვუთხრა – სანამ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ ექნებათ ქართულ პოლიტიკაში საკონტროლო პაკეტი, მუდმივად იქნებით ასე, ტრეფიკინგის მსხვერპლი, მთელი საქართველო, ყველა ერთად მუდმივად ვიქნებით“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე პარტიამ 40 პროცენტზე ნაკლები მიიღო, კოალიციის შექმნაში პრობლემა შეექმნება და შესაძლებელია, ხელახალი არჩევნები გახდეს საჭირო და არის თუ არა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება პოლიტიკური გზავნილი ამომრჩევლის მიმართ, რომ თუ ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ არ აირჩევს, პარლამენტი სამჯერ უნდა ავირჩიოთ, ისევ ქაოსი იქნება და ა.შ.

კახა კუკავას თქმით, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ გაქრება და არც არის აუცილებელი, 2020 წელს პოლიტიკური ველიდან გაქრეს, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს იმხელა პაკეტი, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

„გასაგებია, რომ საკონტროლო პაკეტი არ ექნება, მაგრამ საკონტროლო პაკეტთან მიახლოებულიც არ უნდა გააჩნდეს, რომ შანტაჟის საშუალება ჰქონდეს. ვფიქრობ, „ოცნება“ 30 პროცენტის ქვევით არის იდეალური მოცემულობა 2020 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კახა კუკავამ.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, კოალიციის ფუნქციას ვერ შეასრულებს კოალიცია, რომელშიც ერთი პოლიტიკური ძალა 45 პროცენტით არის წარმოდგენილი და რამდენიმე პოლიტიკური ძალა სამ-სამი, ოთხ-ოთხი პროცენტით.

„მე უბრალოდ, სერიოზულად არ ვიღებ ამ ციფრებს. იმიტომ, რომ თეორიულად შეუძლებელია, ეს ციფრები შედგეს. შეიძლება, ხელისუფლება თვითონაც ვერ აცნობიერებდეს, რამდენად ისტორიული მოვლენაა ის კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ივანიშვილმა საზოგადოებას ივნისის მოვლენების შემდეგ შესთავაზა. დაახლოებით ვხვდები, რომ ის ფიქრობს იმას, რასაც ახლა კობახიძე ამბობს – სადღაც, 45 პროცენტს აიღებენ და მერე, ორ-სამპროცენტიან პარტიასთან ერთად შექმნიან კოალიციას“, – განაცხადა კახა კუკავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონია თუ არა მას ასეთი შემოთავაზება, კუკავამ განაცხადა, რომ არ ჰქონია და რომც მიიღონ, ასეთი ტიპის შემოთავაზებაზე არ წავლენ ისევე, როგორც ყოველთვის.

შეკითხვაზე, ვინ შეიძლება, დათანხმდეს ასეთ შემოთავაზებას, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ბევრია ისეთი, ვინც ამაზე დათანხმდება.

„დარწმუნებული ვარ, მსურველები მოიძებნება, მაგრამ მოდი, ყველამ თვითონ განაცხადოს, ვინ წავა და ვინ არა. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს რეალობა არ დადგება. 2020-ის შემდეგ დადგება ის ვითარება, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ტვინში მენტალურად შეიცვლება მოცემულობა, როცა მიხვდებიან, რომ მორჩა, ეს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდება, როცა ერთი პოლიტიკური ძალა კონსულტაციების გარეშე ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ეს სიახლე იქნება, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არასდროს ყოფილა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თუ მედიაში მათი გაშუქების ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდა და რეგიონების ამოქაჩვა შეძლეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტია ოთხ-ხუთპროცენტიან ნიშნულზე გავა.

დატოვე კომენტარი