კახა კუკავა - რომის პაპი ყველაფერზე გამოხატავს პოზიციას, მაგრამ არავის გვრჩება აზრი, რომ პოლიტიკაში ერევა
კახა კუკავა - რომის პაპი ყველაფერზე გამოხატავს პოზიციას, მაგრამ არავის გვრჩება აზრი, რომ პოლიტიკაში ერევა

რომის პაპი ყველაფერზე გამოხატავს თავის პოზიციას, მაგრამ ამის გამო არავის გვრჩება აზრი, რომ ის პოლიტიკაში ერევა, – ამის შესახებ „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძრის წინ, უზარმაზარ მოედანზე ყოველკვირა გამოდის და არა მარტო საშინაო პოლიტიკაზე საუბრობს, არამედ იმაზეც, სირიაში რა უნდა გაკეთდეს, კუბაში და ა.შ. ის, რომ საქართველოს ეკლესია მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გამოხატავს, ეს პოლიტიკაში ჩარევა არ არის“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური გაერთიანებაა, მას გამოხატვის სრული თავისუფლება აქვს და ვერავინ იტყვის, რომ აზრის გამოხატვა სახელმწიფო საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

როგორც კუკავამ აღნიშნა, როცა მოსახლეობის 80-90% რაღაც საკითხზე მიიჩნევს, რომ ეს ასე უნდა იყოს, არ შეიძლება, ხელისუფლებამ ასეთი დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ წავიდეს.

კახა კუკავა ამ განცხადებით გადაცემაში სტუმრად მყოფ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ პოზიცია სწორი არ არის, ხელისუფლება უმრავლესობის ნებას არ უნდა დაემორჩილოს, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს არასწორი წარმოდგენები აქვს და ნებისმიერი ბოდვა, რომელიც შესაძლოა, უმრავლესობას რჩებოდეს, კანონმდებლობაში არ უნდა აისახოს“.

როგორც „ხალხის პარტიის“ ლიდერმა განაცხადა, ხელისუფლებები საპატრიარქოს ნების წინააღმდეგ იმიტომ ვერ მიდიან, რომ ეკლესია საქართველოს მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და არა იმიტომ, რომ საპატრიარქოსი ეშინიათ.

„ეკლესიას თავისი სადამსჯელო რაზმი არ ჰყავს. ერთადერთი მექანიზმი, რაც მას გააჩნია, ისაა, რომ ეკლესია, მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხში, საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ, 80%-ის პოზიციას ასახავდა, ხელისუფლებას კი, ნულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. ხელისუფლებას ამ საკითხში საზოგადოების მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ეკლესიის წინაშე დათმობაზე არ წავიდოდა“, – განაცხადა კუკავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ საქართველომ უნდა გაიზიაროს ზოგიერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც რელიგიური ინსტიტუცია პოლიტიკურ პროცესში ფორმალურად, პარტიების, თუ ფრაქციების სახით არის წარმოდგენილი, კახა კუკავამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს კარგი არ არის, თუმცა, კონსტიტუციის კუთხით, უკანონო არც ეს იქნებოდა.