კახა კუკავა - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში აღმოგვაჩნდა ყველაზე უარესი მთავარსარდალი სააკაშვილი, რომელსაც მხოლოდ პარტიული გამორჩენა სურდა
კახა კუკავა - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში აღმოგვაჩნდა ყველაზე უარესი მთავარსარდალი სააკაშვილი, რომელსაც მხოლოდ პარტიული გამორჩენა სურდა

ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, აღმოგვაჩნდა ყველაზე უარესი მთავარსარდალი – სააკაშვილი, რომელიც აგვისტოს ომამდეც და შემდეგაც ხედავდა მხოლოდ თავის პარტიულ გამორჩენას და არა სახელმწიფო ინტერესებს, ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კუკავას თქმით, კითხვაზე არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, პასუხი ცალსახაა. მისივე თქმით, საკითხის მსგავსი ფორმით დაყენება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია.

„არ შეიძლება დამოუკიდებელ ქვეყანაში არსებობდეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოკუპანტი ოკუპანტი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი და ამ შეკითხვას, რაც აქტიური პოლიტიკაში ვარ გავეცი პასუხი. მას შემდეგ ჩემ თავს ამ კითხვას არ ვუსვამ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული კითხვა, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. ყველა ვისთვისაც კითხვის ნიშანი არსებობს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, არის როგორც მინიმუმ საქართველოს არაპატრიოტი​“, – განაცხადა კახა კუკავამ.

კახა კუკავას თქმით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა რუსეთის აგრესიის შედეგად

„სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით ის სახელმწიფო, რომელმაც ყველა ზედმეტი დანაკარგი მიიღო. რუსეთი ემუქრება პრაქტიკულად ევრაზიის ყველა სახელმწიფოს თუ არა ნახევარს მაინც, დაწყებული ლიეტუვადან და ფინეთიდან, დამთავრებული ყაზახეთამდე და ყირგიზეთამდე, მაგრამ ყველა ქვეყანამ შეინარჩუნა თვითგადარჩენის, წინააღმდეგობის გაწევის გარკვეული სტრატეგია, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

საქართველო მთელი ამ კომუნისტური ბლოკიდან აღმოჩნდა ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა რუსეთის აგრესიის შედეგად, მხედველობაში მაქვს როგორც ადამიანური მსხვერპლი, ასევე ტერიტორიული დანაკარგები და ეკონომიკის ნგრევა. ეს მოხდა იმიტომ, რომ რუსეთს ჩვენ დავუპირისპირეთ ყველაზე არაეფექტური და არაპერსპექტიული სტრატეგია. აღმოგვაჩნდა ყველაზე უარესი მთავარსარდალი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, სააკაშვილი, რომელიც აგვისტოს ომამდეც და შემდეგაც ხედავდა მხოლოდ თავის პარტიულ გამორჩენას და არა სახელმწიფო ინტერესებს. ის გამონათქვამი, რომ აგვისტოს ომი იყო ამოსუნთქვა ჩვენი სახელმწიფოსათვის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გააჟღერეს წელს, მე ვფიქრობ, კარგად აჩვენებს თუ ვინ გვყავდა ჩვენ ხელისუფლების სათავეში იმ დროს, როდესაც რუსეთმა დაიწყო საქართველოს ოკუპაციის მორიგი ეტაპი“, – განაცხადა კახა კუკავამ.