კახა კუკავა - პროპორციულ არჩევნებსა და ნულოვან ბარიერთან დაკავშირებული გადაწყვეტილებასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია 
კახა კუკავა - პროპორციულ არჩევნებსა და ნულოვან ბარიერთან დაკავშირებული გადაწყვეტილებასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია 

გადაწყვეტილება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს არის პირველი ნაბიჯი და ამას უნდა მოყვეს შემდეგი ნაბიჯები,- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

„ამ ხელისუფლებამ და ყველა ხელისუფლებამ ძალიან დიდი ხნის მანძილზე უნდა დაიმახსოვროს, რომ ქვეყნის მართვა ისე, რასაც ჩვენ ვუყურებდით როგორც სააკაშვილის დროს, ისე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ვიწრო ჯგუფის მიერ, ერთი პარტიის მიერ, არის მანკიერება. ამან გამოიწვია რუსთაველზე სისხლის ღვრა, დასახიჩრებულები, რუსეთის ეკონომიკური სანქციები, ამიტომაც ახლა მაინც უნდა დავიმახსოვროთ, რომ შეიძლება ჩვენ, ხელისუფლებას, ოპოზიციის ნაწილს ქონდეს სხვადასხვა პოზიციები, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეძებოთ კომპრომისი. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ოპოზიციაში ისეთი მარგინალური ნაწილი, რომელიც შეეცდება, არ შედგეს შეთანხმება და გაგრძელდეს დაპირისპირება. მე ვიქნები ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც აქტიურად ხელს შეუწყობს, რომ ეს კომპრომისი იქნეს მიღწეული, თუმცა ხელისუფლებამაც უნდა გადადგას ამისთვის დამატებითი ნაბიჯები“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ვითარება არის იმდენად მძიმე, რომ შესაძლებელია, პროპორციული სისტემა არ გამოდგეს საკმარისი ვითარების სტაბილიზაციისათვის.

„ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის, სტაბილურობისათვის მას შეიძლება მოუწიოს დამატებითი კომპრომისების ძიება ოპოზიციასთან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხვალვე დაიწყოს ხელისუფლების პირველ პირებსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, ასეთივე შეთანხმებას ჩვენ უნდა მივაღწიოთ საარჩევნო გარემოსა და სხვა მწვავე საკითხებზე. ნულოვანი ბარიერი არის ბევრ ქვეყანაში. დღეს ჩვენ რომ გვყოლოდა პარლამენტში ლეგიტიმური ხალხის მანდატით აღჭურვილი მესამე, მეოთხე და მეხუთე ძალა, ეს კრიზისი არ შეიქმნებოდა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

დატოვე კომენტარი