კახა კუკავა - მიხეილ სააკაშვილი ტანზე დაყრილი რეცეპტორებით საზოგადოების განწყობებს გრძნობს და შესაბამისად მანევრირებს
კახა კუკავა - მიხეილ სააკაშვილი ტანზე დაყრილი რეცეპტორებით საზოგადოების განწყობებს გრძნობს და შესაბამისად მანევრირებს

ეს არის სააკაშვილის ერთ დღეში გადაწყვეტილი კონსერვატიზმი, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ორი კვირის შემდეგ შეიძლება, სხვა კვლევებზე, სხვა განცდებზე დაყრდნობით გადაწყვიტოს, რომ ლიბერალია და ა.შ. ეს არაერთხელ გვინახავს. არ მგონია, რომ რადგანაც ოპონენტია, უნდა ვთქვათ, რომ სულელი და უუნაროა. ის, ამ სიტყვის პროფესიული გაგებით, ნამდვილად პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ტანზე დაყრილი რეცეპტორებით საზოგადოების განწყობებს გრძნობს და ამის შესაბამისად მანევრირებს“, – განაცხადა კუკავამ.

ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან გამომდინარე აღიქვამს თუ არა ის „ნაციონალურ მოძრაობას“ „თავისუფალი საქართველოს“ კონკურენტად, რომელიც კონსერვატიული ფრთის დაჭერას ცდილობს.

როგორც კუკავამ აღნიშნა, „თავისუფალი საქართველო“ არის მკაფიოდ გამოხატული კონსერვატიული პარტია, რომლისთვისაც ეს არა მხოლოდ სახელწოდებაა, არამედ ისინი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებას უჭერენ მხარს.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას არაკორექტული განცხადებები, რასაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ედავებიან, კახა კუკავამ აღნიშნა, რომ მას არაკორექტული განცხადებები არავის მიმართ არ გაუკეთებია და აპირებს, მაგალითად, „მედიის განვითარების ცენტრს“ სასამართლოში უჩივლოს.

„იმაზე ხომ არ მეუბნებით, „მედიის განვითარების ცენტრზე“, თამარ კინწურაშვილზე, რომელიც ძველი ნაციონალია?! მაგათ ახლა გამოაქვეყნეს კვლევა და ქსენოფობების სიაში გამომჭიმეს. შევედი ამ ორგანიზაციის კვლევაში და 200 გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც მე და სხვა პოლიტიკოსები ქსენოფობებად ვართ გამოცხადებული, არც ერთი ციტირება არ არის. რატომ?! ახლა წერილი გავუგზავნეთ და ველოდებით, რა პასუხს მოგვცემენ, რის შემდეგაც ვაპირებთ, სასამართლოს მივმართოთ, რომ ბოდიში მოვახდევინოთ და გარდა ამისა, ვაპირებთ, მივმართოთ მათ სათაო ოფისებს, რათა თავიანთ დამოკიდებულებას გადახედონ. იმიტომ, რომ ესენი ამ გრანტებს ჭამენ და არ ხარჯავენ იმაში, რაშიც უნდა დახარჯონ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, ეს არის პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ევროპულ საქართველოზე“ მიბმული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არავითარ კვლევას არ ატარებენ და უბრალოდ ევალებათ, პრორუსულობა, ქსენოფობობა, ჰომოფობობა და ა.შ დააბრალონ მათ, ვინც მათი აზრით, პოლიტიკური ოპონენტია.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს გურამ კაშიას მიმართ გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც კახა კუკავა ამბობს, რომ ლგბტ თემის მხარდაჭერა სამარცხვინოა და გურამ კაშიას არ იცნობს, მაგრამ მას ხელს ვერ ჩამოართმევს, რაზეც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამაში ჰომოფობიური არაფერია.

„რა წერია აქ ისეთი, ძალადობრივი მოწოდებაა, თუ რა?! ეს არანაირი სტანდარტით არ არის ჰომოფობია“, – განაცხადა კახა კუკავამ.

შეკითხვაზე, რა არ მოეწონა მას იმაში, რომ გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანებს მხარი დაუჭირა, კუკავამ აღნიშნა, რომ გურამ კაშიამ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ცისარტყელა სიმბოლოა, რომელიც ლგბტ თემის მიმართ ძალადობის გამო პროტესტს გამოხატავს.

„გურამ კაშია გამოვიდა და თქვა, რომ ის სამკლაური, ცისარტყელა, რომელიც მან გაიკეთა, არის სიმბოლო, რომელიც პროტესტს გამოხატავს ლგბტ თემის მიმართ ძალადობის გამო, რაც არ არის სწორი. მან უბრალოდ, მოიტყუა. შეიძლება, არ იცოდა და ამიტომ. ცისარტყელას ნიშანი არის ლგბტ მოძრაობის ნიშანი და ლგბტ მოძრაობა მთელ მსოფლიოში მიზნად ისახავს არა მხოლოდ ძალადობის აღკვეთას (ეს ერთ-ერთია), არამედ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვთა შვილად აყვანის უფლების მინიჭებას და ა.შ“, – განაცხადა კახა კუკავამ.