კახა კუკავა - ხელისუფლება თუ უარს იტყვის კომპრომისზე, მნიშვნელობა არ აქვს, ამ უარს ნინო ბურჯანაძეს დააბარებენ, თუ აკაკი ასათიანს
შეხვედრის ფორმატი გადაწყვიტა ხელისუფლებამ და ეს ოპოზიციასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“, დიპლომატების მონაწილეობით მიმდინარეობს.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები ოპოზიციას არ აურჩევია, თუმცა საკითხი, რომლითაც ოპოზიცია დიალოგზე წარდგა, შეთანხმებულია.
„სპეციალური დელეგაცია ასე ოპოზიციას არ აურჩევია, თუმცა საკითხი, რა მანდატითაც არის წასული, ეს არის შეთანხმებული. გუშინ შედგა ყველა ოპოზიციური პარტიის შეხვედრა, გარდა ხელისუფლებისა და მისი სატელიტი რამდენიმე ორგანიზაციისა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გერმანული მოდელის შესახებ. ამიტომაც დღეს შეხვედრაზე გამოჩნდება, ხელისუფლება არის თუ არა მზად იმისთვის, რომ ამ მოდელთან დაკავშირებით გაგრძელდეს კონსულტაციები.
თუ კონსულტაციები გაგრძელდება, ალბათ ოპოზიციურ დელეგაციაში შევა გარკვეული კორექტივები იმგვარად, რომ ოპოზიციის მთელი სპექტრი იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ მოლაპარაკებები მაინც ჩაიშლება და ხელისუფლება უარს იტყვის კომპრომისზე, ასეთ შემთხვევაში, არ მგონია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს ამ უარს ნინო ბურჯანაძეს დააბარებენ, თუ აკაკი ასათიანს“, – განაცხადა კახა კუკავამ.
მისი თქმით, მოლაპარაკება ეფექტიანია, როცა მისი მონაწილეთა რაოდენობა მცირეა.
„მიმაჩნია, რომ 20 და 30 პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან ნამდვილად ვერ იქნება. მოლაპარაკებები ეფექტიანია ყოველთვის, როცა მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. უბრალოდ სამართლიანი არის, რომ ყველა მხარემ თვითონ განსაზღვროს თავისი წარმომადგენლების ვინაობა“, – განაცხადა კახა კუკავამ.