კახა კუკავა - დღეს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ვხედავთ, რომ 2020 წლიდან საქართველოში ერთპარტიული რეჟიმი აღარ იქნება
კახა კუკავა - დღეს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ვხედავთ, რომ 2020 წლიდან საქართველოში ერთპარტიული რეჟიმი აღარ იქნება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ შეუძლებელია, პროპორციული არჩევნებით 50 პროცენტი, ან 50 პროცენტთან მიახლოებული შედეგი მიიღოს და ამიტომ სხვისი ხმების მიტაცება, ძალაუფლების მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგი იმიტომ იყო, რომ იცოდა, პროპორციული სისტემით 50 პროცენტს ვერასდროს აიღებდა და უმრავლესობას დაკარგავდა. ზუსტად ასევე, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ იცის, რომ შეუძლებელია, პროპორციული არჩევნებით 50, ან 50 პროცენტთან მიახლოებული შედეგი მიიღოს და ამიტომ, მათაც სხვისი ხმების მიტაცება უნდათ, ძალაუფლების მთლიანად ხელში ჩაგდება. ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ ქვეყანაში შევარდნაძე იქნება ერთმმართველი, სააკაშვილი, თუ ივანიშვილი, ყველა შემთხვევაში პრობლემაა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, დღეს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ვხედავთ, რომ 2020 წლიდან საქართველოში ერთპარტიული რეჟიმი აღარ იქნება.

„ჩვენ გვინდა ის, რომ ერთპარტიული რეჟიმი არ იყოს და არა ის, რომ ივანიშვილის მაგივრად ერთპარტიული სისტემა ახლა სააკაშვილმა დაამყაროს ხელახლა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ტყუილია, როცა ამბობენ, თითქოს, 1992 წელს სიჭრელე ბარიერმა გამოიწვია, რადგან ეს საკომპენსაციო სიებმა გამოიწვია და არა ბარიერმა.

„მაშინ, არჩევნები პროპორციული სისტემით არ იყო ჩატარებული; იმას რომ თავი დავანებოთ, ის არჩევნები ჯაბამ და კიტოვანმა რომ ჩაატარეს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით, 0,7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის საშუალება დაახლოებით შვიდ-რვა პოლიტიკურ ძალას აქვს და ამიტომ, არავითარი კატასტროფული ფრაგმენტაცია არ მოხდება.

„ამ შვიდი-რვა პარტიიდან, მათ შორის, დავუშვათ, ბოლო, მეშვიდე, მეექვსე და მეხუთე ადგილზე გასულ პარტიებს ჯამში შეიძლება, ხუთი-ექვსი მანდატი ჰქონდეთ. ამიტომ, აქედან არ გამოვა არმაგედონის დახატვა, რომ საშინელება მოხდება, რადგან ეს არ მოხდება. მაჟორიტარულ სისტემას იმიტომ ვაკრიტიკებდით, რომ ვამბობდით – თუ „ქართულმა ოცნებამ“ 46 პროცენტი აიღო, 46 პროცენტი უნდა ჰქონდეს და არა 84 პროცენტი. ანუ, სხვისი მანდატები არ უნდა მიიღოს. დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, სხვისი მანდატები მიიღოს; მე რომ ორ, სამ, ან ოთხ პროცენტს ავიღებ, თუ ბარიერი ხუთი პროცენტი იქნება, ჩემი მანდატები ოცნებამ და ნაციონალებმა უნდა გადაინაწილონ. ამაზეა ლაპარაკი და რატომ?! მე 15 000 ხმა მომცეს თუ 75 000, ეს ხმები მე არ უნდა წარმოვადგინო პარლამენტში?! ჩემ მაგივრად ეს ხმები ბოკერიამ, ან გოგორიშვილმა რატომ უნდა წარმოადგინონ?! ერთი არგუმენტი მაინც მითხარით“, – განაცხადა კახა კუკავამ.